საქართველოს კანონმდებლობა

2027 წლის 1 სექტემბრიდან ვებგვერდის ხელმისაწვდომობა კანონით სავალდებულოა.

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს 2026 წლის 31 მარტს დაემატა 361 მუხლი. ის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სექტორის მთელ რიგ კომპანიებს ავალდებულებს, უზრუნველყონ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა.

ხელმისაწვდომობის აუდიტის მოთხოვნა →

ვის ეხება

კანონი მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და კერძო სამართლის ზოგიერთ სუბიექტს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები
  • სადაზღვევო კომპანიები
  • ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
  • კომუნალური მომსახურებისა და ინტერნეტის მიმწოდებლები
  • სატრანსპორტო კომპანიები
  • სურსათის საცალო ვაჭრობა და აფთიაქები
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება

რას ნიშნავს შეუსრულებლობა

361 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციად ჩაითვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივაზე არ არის დამოკიდებული — დაზარალებულ პირს სამართლებრივი მექანიზმი პირდაპირ ეძლევა.

რატომ არ არის ვიჯეტი პასუხი

დღეს საქართველოში გავრცელებული მიდგომაა ვებგვერდზე ხელმისაწვდომობის ვიჯეტის ან ოვერლეის დამატება: კონტრასტის გადამრთველი, შრიფტის ზომის ღილაკები, ტექსტის ხმოვანი წაკითხვა.

ასეთი ვიჯეტი გვერდის ზედაპირზე მუშაობს. ის არ ცვლის სათაურების იერარქიას, ფორმის ველების ლეიბლებს, კლავიატურით ნავიგაციის თანმიმდევრობას, ფოკუსის ხილვადობას ან იმ სემანტიკურ სტრუქტურას, რომელსაც სკრინრიდერი კითხულობს. სწორედ ეს ელემენტები მოწმდება შესაბამისობის შემოწმებისას — და სწორედ ისინი რჩება ვიჯეტის მიღმა.

როგორ ვმუშაობთ

  1. აუდიტი. ვებგვერდის ან აპლიკაციის შემოწმება რეალურ სცენარებზე — კლავიატურა, სკრინრიდერი, კონტრასტი, ფორმები, სტრუქტურა.
  2. პრიორიტეტიზაცია. გამოვლენილი ხარვეზები დალაგებული გავლენისა და შრომატევადობის მიხედვით, და არა ერთი გრძელი სია.
  3. გასწორება. კონკრეტული ცვლილებები დიზაინსა და კოდში, თქვენს გუნდთან ან ჩვენს დეველოპერებთან ერთად.
  4. ხელახალი შემოწმება. გასწორებულის დადასტურება და გუნდისთვის იმის გადაცემა, რაც შემდეგ პროექტს თავიდანვე გამართულს გახდის.

ხშირად დასმული კითხვები

WCAG-ის რომელი ვერსია და დონე იქნება სავალდებულო?

361 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ხელმისაწვდომობის სტანდარტს ტექნიკური რეგლამენტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით. რეგლამენტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, ამიტომ კონკრეტულ ვერსიასა და დონეს ვერავინ დაასახელებს დარწმუნებით. WCAG-ის მიხედვით მუშაობა დღესვე შეიძლება დაიწყოს — სტრუქტურული სამუშაოს დიდი ნაწილი ნებისმიერ ვერსიაში საერთოა.

რამდენი დრო სჭირდება?

დამოკიდებულია პროდუქტის ზომაზე. აუდიტი ჩვეულებრივ დღეებში იზომება, გასწორება — იმაზე, თუ რამდენად ღრმად აისახება ხარვეზები დიზაინსა და კოდში. ამიტომ 2027 წლის სექტემბრამდე დარჩენილი დრო უპირატესობაა: გეგმიური მუშაობა ბევრად იაფია, ვიდრე ბოლო თვეებში აჩქარებული.

უკვე გვაქვს ვებგვერდი. თავიდან უნდა გავაკეთოთ?

უმეტეს შემთხვევაში — არა. ხარვეზების დიდი ნაწილი გამოსწორებადია არსებულ კოდში. სრული რედიზაინი მაშინ არის საჭირო, როცა პრობლემა თავად სტრუქტურაშია, და ამას აუდიტი ცხადყოფს.

წყარო: საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 361 (ცვლილება №1426, 2026 წლის 31 მარტი). ეს გვერდი ზოგადი ინფორმაციისთვისაა და იურიდიულ კონსულტაციას არ წარმოადგენს.

ხელმისაწვდომობის აუდიტის მოთხოვნა →